ᲐᲕᲗᲐᲜᲓᲘᲚ ᲤᲐᲜᲒᲐᲜᲘ

კომპიუტერული მეცნიერებების მასწავლებელი, ტრენერი

ინფორმატიკა

March 04, 2024

ინფორმატიკა

ინფორმატიკა არის ყველაზე ძველი პროფესია

პირველობაში ვგულისხმობ მის ყველაზე პირველობას.

პროფესიებიდან, რომელიც პირველი გაუჩნდა ადამიანთა მოდგმას, ეს იყო ინფორმატიკა.

ინფორმატიკას უნდა უმადლოდეს კაცობრიობა შემდგომ განვითარებასაც.

ინფორმატიკა, ვფიქრობ, გენეტიკურიცაა.

ხეზე ასვლა იმთავითვე იცოდა ადამიანმა, პირდაპირი მნიშვნელობით…

მასწავლებელი არ დასჭირვებია, ესეც პირდაპირი მნიშვნელობით.

ხეზე კი უნდა ასულიყო, უნდოდა, თუ არ უნდოდა.

უნდოდა, იმიტომ რომ 30-ე ტიპი იყო, იმ რიგში, კვების ჯაჭვს რომ ეძახიან. თუმცა ეს რიგითობაც არ უნდა იყოს სწორი.

ცოტა ხნის წინ ვნახე ვიდეო, სადაც ვირმა აფთარი სცემა.. ვირივით.. სხვაგვარად ვერ იტყვი.

ჰოდა, იმ სიაში თუ ვირი ადამიანის მერე წერია, ტყუილი გამოდის, რადგან აფთარი უფრო მაღლაა სიაში, ვიდრე ადამიანი.

ჰოდა ხეზე ავიდა! იმიტომ, რომ იცოდა ასვლა. თუმცა თავისი ნებით არ ასულა. არ ავიდოდა და ვისი აჯობებდა? ავიდა და ზის იქ.

მერე? რას აკეთებს?

ვეღარაფერს, იძულებულია ინფორმაცია მიიღოს ან გასცეს… იძულებული კია? მაგრამ არაა თავს ზემოთ ძალა.

შემდეგში რაღაც დაიმახსოვრა კიდეც, დაამუშავა კიდეც… დააინტერპრეტირა ანუ.

ინფორმატიკა სხვა რამეა?

თავიდან „აფ“ იყო აფთარი, ხოლო „არ“ არწივი… ეს რომ დაიძახებდა „აფ-აფ“, მეორეს შეიძლება მაღლა დაეწყო ყურება, ყრუ და მოესმა - „არ!“, ან შტერია.

მონაცემების კორექციის კუთხით, პროტოკოლში ხარვეზია გაპარული, მაგრამ გამოსწორებადია ყველაფერი: „აფთარი, შე ჩემა! მაღლა სად იყურები?“ - იტყვის როდესღაც.

რაღაცა ამის მსგავსს უდაოდ…

უდაოა, როდესღაც „აფ“ გახდა „აფთარი“, ხოლო „არ“ - „არწივი“ და პროტოკოლი ყრუებსაც კი მოერგოთ. შტერებს განსაკუთრებით.

ერთი რამაა ნიშანდობლივი, რომელიც არ შეცვლილა იმ დროიდან დღემდე…

ხომ იჯდა ხეზე? იყო კი საინტერესო ან აფთარი, ან არწივი?

მაგას ნუ ეტყვი, იყო!

გატოკდა აფთარი? უნდა თქვა! გაიფრინა არწივმა? მაშინაც..

ჰოდა დღეს იპოვე რამე განსხვავება…

ჰოდა დღეს, დროში რომ ვარ გაჭედილი და ვერაფრისთვის ვერ ვიცლი!

და რა ვქნა? გივი რომ მაროსთან დავინახე, თემურის არ ვუთხრა? ცხადად მომიწევს ახსნა ვინაა გივი, ან მარო, მაგრამ რომ არ ვუთხრა, არაფრით არ შეიძლება… უამისოდ მე და თემური წყაბადის ძრავაზე მუშაობას ვეღარ გავაგრძელებთ!

ᲓᲦᲔᲕᲐᲜᲓᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲘᲐᲮᲚᲔ, ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲢᲘᲙᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲘᲣᲢᲔᲠᲘᲖᲐᲪᲘᲐᲐ, ᲔᲒ ᲐᲠᲘᲡ ᲓᲐ ᲔᲒ…

სხვა არც არაფერი შეიცვალა, უძველესი პროფესია პირველობას არავის დაუთმობს!

რა არის კომპიუტერიზაცია? ამაზე მოგვიანებით…